საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 31 მაისის სხდომა

2006 წლის 31 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 51 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 30 მაისს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ბატალიონში პირადი შემადგენლობის როტაცია განხორციელდა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ შეთანხმებათა სრული დარღვევით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოსთან შეთანხმებები რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც რუსეთის პროვოკაცია, და საჭიროა ქართულმა მხარემ გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გადამწყვეტ ფაზაში შედის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რეგიონებისათვის. მან მოუწოდა განათლების სამინისტროს (სადაც 80 მილიონი ლარის ინვესტიციები ხორციელდება), ჯანდაცვის სამინისტროს (სადაც 30 მილიონი ლარის ინვესტიციები ხორციელდება) და საგზაო დეპარტამენტს (რომელიც დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიციებს ახორციელებს), უახლოეს დროში ადგილებზე შეისწავლონ ამ პროექტებისა და დაგეგმილი პროგრამების შესრულების მიმდინარეობა და დაავალა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობას აღნიშნული საკითხი გაითვალისწინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად ივნისის მეორე ნახევარში.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი