საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 26 აპრილის სხდომა

2006 წლის 26 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 24 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ 2005 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზარდა მოწოდებული ბუნებრივი აირის ფასი, მკვეთრად გაიზარდა დანახარჯები ელექტროენერგიის სექტორზე. მან თქვა, რომ ზამთრის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ ელექტროენერგიის იმჟამად არსებული ტარიფი, რასაც მოჰყვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონამდე ლარის სუბსიდია. ასე არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს. ახლა, სამწუხაროდ, დღის წესრიგში დადგა მოხმარებული ელეტროენერგიის ტარიფის ზრდის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობით მომხმარებელი მით უფრო ნაკლებს გადაიხდის, რაც უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, რაც მთავარია, გაჭირვებული მოსახლეობისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი იგივე უნდა დარჩეს და, შესაბამისად, გაგრძელდეს ამ კატეგორიის მოსახლეობის სუბსიდირება. ამისათვის ბიუჯეტიდან დაახლოებით კიდევ 30 მილიონამდე ლარი იქნება გამოყოფილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის წევრს გიორგი ბარამიძეს.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი