საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 14 თებერვლის სხდომა

2006 წლის 14 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ფრინველის გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

2005 წელს ფრინველის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ეპიზოოტიური სიტუაციის გართულებისთანავე, საქართველოს მთავრობამ გამოყო 500 ათასი ლარი. ამ თანხით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიძინა სადეზინფექციო ტექნიკა, სადეზინფექციო ხსნარები, სპეცტანსაცმელი, პირადი დაცვის საშუალებები. მიმდინარე წელს დამატებით გამოიყო 200 ათასი ლარი და მოკლე ხანში შემოვა დამატებითი ტექნიკა და სპეცსაშუალებები.

2006 წლის იანვარში, თურქეთში ფრინველის გრიპის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ვირუსის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის თავიდან ასაცილებლად და ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყო.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ცოცხალი ფრინველისა და მისი ნაწარმის, საინკუბაციო და სუფრის კვერცხის იმპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, სადაც დაფიქსირდა ფრინველის გრიპის შემთხვევები.

საქართველოს ყველა სასაზღვრო გასასვლელში 24 საათიან რეჟიმში ტარდება ყველა შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებით ჩამოყალიბდა ფრინველის გრიპთან ბრძოლის შტაბები თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, გურჯაანში და მარნეულში. შტაბები უზრუნველყოფილია სატრანსპორტო საშუალებებით, სადეზინფექციო ტექნიკით, ხსნარებით. შტაბებში ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოსახლეობიდან მიღებულ ყველა ზარზე ხდება სათანადო რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში შტაბებთან არსებული მობილური ჯგუფების სპეციალისტები გადიან ადგილზე სპეციალური ღონისძიებების ჩასატარებლად. საქალაქო და რაიონული ვეტერინარული ინსპექციები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. დაავადების გაჩენის შემთხვევაში ისინი ადგილზე გასვლას შეძლებენ 30-40 წუთში.

ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელების ძირითად წყაროს გარეული და გადამფრენი ფრინველები წარმოადგენენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით აიკრძალა გარეულ ფრინველზე ნადირობა. ვეტერინარული სამსახურების მეშვეობით დაწესებულია კონტროლი გარეული ფრინველის თავშეყრის ადგილებში.

ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება კონფლიქტის ზონებშიც. ვეტერინარულ სამსახურებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის დროული გაცვლის თაობაზე მიღწეულია შეთანხმება აფხაზეთსა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. ქართული მხარე უსასყიდლოდ გადასცემს მათ სადეზინფექციო დანადგარებს, დეზოხსნარებსა და პირადი დაცვის საშუალებებს.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტებმა შეისწავლეს ქვეყანაში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მდგომარეობა. 2006 წლის 10 თებერვალს მიიღეს გადაწყვეტილება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და თავდაცვითი საშუალებების შესყიდვის შესახებ.

უკვე შეძენილია მედიკამენტ "ტამიფლუ"-ს 2000 სამკურნალო დოზა. მსოფლიო ბანკისა და სტრუქტურული გარდაქმნის ხელშეწყობის პროექტის - საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის კომპონენტის დაფინანსებით ჯანმრთელობის სამინისტრო შეიძენს სასუნთქ აპარატებს, დამცავ საშუალებებს და ა.შ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი