საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 8 თებერვლის სხდომა

2006 წლის 8 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა: მოგესალმებით. მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება პარლამენტში დაწყებულ განხილვებს კონფლიქტის ზონაში, სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივდივართ ზუსტად პარლამენტის დადგენილების შესაბამისად. 10 თებერვლამდე უნდა მოგვემზადებინა მოხსენება ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. გუშინ მე და ბატონმა გიორგი ხაინდრავამ საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარვუდგინეთ საკმაოდ დეტალური მოხსენება ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონი გიორგი ხაინდრავა და სხვა მინისტრები გააგრძელებენ მოხსენებებს უკვე გაერთიანებული კომიტეტების წინაშე და 15 თებერვალს ამ საკითხის განხილვა მოხდება პლენარულ სხდომაზე.

როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის დავალებით ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დეკემბრის თვეში შევძელით მიგვეღო ეუთოს მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარდამჭერთა შორის იყო რუსეთიც. დეკემბრის ბოლომდე მათი მხრიდან გარკვეული პოზიტიური, დიპლომატიური აქტიურობა იყო, თუმცა სამწუხაროდ დღეს ამ სამშვიდობო პროცესში მხოლოდ რეგრესი გვაქვს... იმავდროულად, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი ამოცანა, ბუნებრივია, არის ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ეუთოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გასვლა. საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ვთხოვო შესაბამის უწყებებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ 15 თებერვლის განხილვებში და დეტალუტრად იქნეს მთელი ინფორმაცია წარდგენილი პარლამენტისთვის.

ამასთანავე მინდა შევეხო თურქეთში ვიზიტის შედეგებს. ჩვენ დავიწყეთ, მთავრობის წინა სხდომაზე განხილული, საპრივატიზაციო ობიექტების წარდგენა ინვესტორებისთვის და ეს დავიწყეთ თურქეთიდან. საპრივატიზაციო ნუსხაში შედის საქართველოს ენერგო და ტელეკომუნიკაციების ობიექტები. აგრეთვე ინვესტორებს წარვუდგინეთ საქართველოს მზარდი საბანკო სექტორი და როგორც შევთანხმდით მოვიწვიეთ თურქეთის სამშენებლო სექტორი საქართველოს ბიუჯეტიდან და საქართველოში კერძო ინიციატივებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტისას მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის რეალიზაციაც ხდება ამ დღეებში. 10 თებერვლიდან ქვეყნებს შორის უქმდება 3 თვიან ვიზიტებზე სავიზო რეჟიმი. ამასათანავე, სავიზო რეჟიმი გაუქმდება ერთწლიან ბიზნეს ვიზიტებზეც. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწრაფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მოხდება სარფის საბაჟოს ერთობლივი რეკონსტრუქცია, რომლის დასრულება დაგეგმილია 2007 წლის აპრილში. სარფის საბაჟო პრაქტიკულად ვეღარ ერევა ტვირთების ნაკადს. ახლაც, ამ ეტაპზე იქ არის რიგი პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად ფინანსთა სამინისტრო და საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს.

სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ წლის პირველ ნახევარში სტამბულში იგეგმება საქართველოს კულტურის დღეების ჩატარება. ბუნებრივია, ამ საკითხზე უნდა იმუშაოს კულტურის სამინისტრომ და ქართულ ჯგუფებთან ერთად აქტიურად უნდა ჩართონ თურქეთში არსებული ქართული ანსამბლები.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი