საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 1 თებერვლის სხდომა

2006 წლის 1 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. სხდომა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. "თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენთან აღარ არის ბატონი ზურაბ ჟვანია და მინდა გთხოვოთ მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ"...

პრემიერ-მინისტრის თხოვნით ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მიმოიხილა საქართველოს ენერგოსისტემაში დღეისათვის არსებული ვითარება.

ნიკა გილაური, ენერგეტიკის მინისტრი

გუშინ საღამოს, დაახლოებით 8-9 საათიდან დაიწყო სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, ჩაირთო ალავერდის ხაზი, რამაც ელექტროენერგიის შეზღუდვების მოხსნის საშუალება მოგვცა. ამჟამად ენერგოსექტორი ოპერირებს რაიმე შეზღუდვის გარეშე, თუმცა დიდთოვლობისა და ცუდი ამინდის გამო იმერეთში, განსაკუთრებით ქუთაისში, იყო ბევრი ავარია ელექტროგადამცემ ხაზებზე. ამ ავარიების დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია, მაგრამ ახლაც ქუთაისის დაახლოებით 20%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომლის დასრულებასაც დღის ბოლომდე ვგეგმავთ. დანარჩენ სხვა ობიექტებზეც ყველა საჭირო სარემონტო სამუშაოები მაქსიმუმ ხვალ დილისთვის დასრულდება.

რაც შეეხება გაზით მომარაგებას, დღეს დღის ბოლომდე დაიტვირთება თბილისის დაახლოებით 80-85 %, სრულად თბილისი კი გაზს ხვალ საღამომდე მიიღებს. შესაბამისად, ქალაქების გაზიფიცირება დღეს დღის ბოლომდე განხორციელდება.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე იმერეთისა და კავკასიონის ხაზი არ აღდგება, სისტემის მდგრადობა ვერ იქნება სრული. უზრუნველყოფთ 24 საათიან მომარაგებას, თუმცა, ნებისმიერი მცირე ავარიიის შედეგად შესაძლებელია პრობლემები შეგვექმნას. სამუშაოები რეკორდულად სწრაფად მიმდინარეობს, დაახლოებით 3-4 თებერვლისთვის ვვარაუდობთ იმერეთისა და კავკასიონის ხაზების აღდგენას.

საწარმოების დატვირთვა დაიწყება დღეიდანვე, თუმცა, აქაც გვექნება გარკვეული შეზღუდვები აღნიშნული ხაზების აღდგენამდე.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი