საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 25 იანვრის სხდომა

2006 წლის 25 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. მთავრობამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა: სამი აფეთქების შედეგად ერთდროულად მწყობრიდან გამოვიდა ენერგიის წყაროების 40%. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკოსების მიერ ჩატარებული სამუშაოების და მთავრობის ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძელით გარკვეულ დონეზე ენერგოსექტორის შენარჩუნება. ესეთი რამ, თუნდაც ერთი წლის წინათ რომ მომხდარიყო, ჩვენს ენერგოსისტემაში კატასტროფას გამოიწვევდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები ენერგოსექტორში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა გაზის და ელექტროენერგიის სრული მიწოდების აღდგენა. ამ დღეებში მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდებოდა ელექტროენერგია, შეზღუდული იყო მხოლოდ სამრეწველო საწარმოები. ჩვენი ამოცანაა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების გაუმჯობესება, უკვე დღეს, დღის განმავლობაში გაზის მოწოდება რუსეთიდან უნდა აღდგეს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური:

აზერბაიჯანიდან საქართველოს მიეწოდება დაახლოებით 2.5 მლნ მ3 გაზი. ეს საკმარისია ქალაქის 40-45% გაზით მომარაგებისთვის და მე-9 ენერგობლოკის სამუშაოდ. ამ პირობებში გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რადგანაც მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც გაზი არ აქვს, ელექტროღუმელებით თბება. ამიტომ თბილისი 500 მგვ-ის ნაცვლად 640-650 მგვ. ელექტროენერგიას მოიხმარს. გუშინ იყო 1600 მგვ-იანი პიკი, რომელიც დაიფარა საქართველოს გენერაციის მიერ და იმპორტით თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ. ამ პირობებში პრობლემა იყო რეზერვის უქონლობა და ნებისმიერ მცირე ავარიას შეეძლო გამოეწვია გარკვეული შეზღუდვები. დღეს, დილის პიკი გავიარეთ უპრობლემოდ, იყო მხოლოდ ერთი მცირე ავარია ზესტაფინოს ქვესადგურში, ამან გამოიწვია ზესტაფონის და ბაღდათის 40-45 წთ-ით გათიშვა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდების შემცირებამ გამოიწვია გარკვეული პრობლემები აზერბაიჯანის გაზის მომარაგებაშიც, ამ მომენტში აზერბაიჯანთან ვმუშაობთ გაზის დამატებით მოწოდებაზე.

გაზპრომი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დაზიანებულ გაზსადნზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რაზეც ოფიციალური განცხადება არ მიგვიაღია.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი