საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017-11-10

საგარეო დახმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მიღწევები და გამოწვევები განათლების სფეროში, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, იყო განხილვის ძირითადი თემები ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც დღეს სასტუმრო „რუმს თბილისში" გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი უძღვებოდნენ, ასევე იმსჯელეს შრომის ბაზრის ანალიზის, დასაქმების პოლიტიკის, პროფესიული განათლების განვითარების, არაფორმალური განათლების, საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიებისა და სხვა საკითხების შესახებ.
მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად მართავს. აღნიშნული შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დახმარებით ყოველ წელს ტარდება 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა - ეკონომიკური ზრდის; ადამიანური კაპიტალის განვითარების; კანონის უზენაესობის; კარგი მმართველობისა და საჯარო სექტორის რეფორმის; სოციალური კეთილდღეობისა და ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენების შესახებ.