საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2013 წლის 25 ნოემბრის ახალი მთავრობის პირველი სხდომა

2013 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. "ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ მთავრობის დამტკიცებას და ახალი მთავრობის პირველ სხდომას", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 34 საკითხი განიხილეს, მათ შორის 3 საიდუმლო, დაემატა 2 საკითხი, დამტკიცდა 35 საკითხი.
დღის წესრიგი.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის ე.წ. მიზანშეწონილობის კვლევა საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსდება. ამისთვის 5 მლნ დოლარი იქნება გამოყოფილი, რათა მსოფლიოში საუკეთესო კომპანიებმა შეისწავლონ შავი ზღვის პირას სატრანსპორტო ლოგისტიკური კვანძი, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაევალა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, გამოყოს სახსრები ჩაძირული გემი "სტელას" დაკარგული კაპიტნის, ლევან თებიძის მოსაძიებელი სამუშაოების დასაფინანსებლად.
ეკონომიკის სამინისტრო ამ სამუშაოების ჩასატარებლად თანხას საზღვაო სააგენტოს მეშვეობით გამოყოფს.
საქართველოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის 2013-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა გაწერილია კონკრეტულ უწყებებზე და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველია, საგანმანათლებლო სამუშაო, მეორე - მოწევისთვის თავის დანებებაში დახმარება, ხოლო მესამე - პასიური მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირება. საქართველოს მთავრობას თამბაქოს კონტროლის სტრატეგია დიდი ხანია შემუშავებული აქვს, დღევანდელ სხდომაზე კი კონკრეტულ უწყებებსა და დროზე გაწერილი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა  
ვიდეო