საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

რიგით 84-ე საზოგადოებრივი ცენტრი ასპინძაში გაიხსნა

ახალგახსნილი ცენტრი მოემსახურება ასპინძისა და მიმდებარე სოფლების - დამალის, იდუმალას, ოშორის, რუსთავის, ივერიის, ორგორის, საყუდაბელის, ჭობარეთის, ძველის, ნიჯგორის, საროს, ხიზაბავრის, თოკის, ვარგავის, ფიის, თმოგვის, ნაქალაქევის, მირაშხანის, ხერთვისის, გელსუნდის, ტოლოშის, აწყვიტის, ოთისა და სხვათა - 14 000-მდე მცხოვრებს.

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია მომსახურება საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით გამარტივებულ მომსახურებას და სახელმწიფო პროგრამებზე წვდომას ყველასთვის, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი. მომსახურება 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ უკვე 83 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლშია ხელმისაწვდომი, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ასპინძის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მერვეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურსა და ადიგენში.

2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ასევე გაიხსნა ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულში, ჩოხატაურსა და დედოფლისწყაროში გაიხსნა.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

► მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/ge/centers