საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს მთავრობის განცხადება
2024-03-11 ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, გვინდა გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს. თუმცა, ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ, იძულებული ვართ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატოთ. გასული 2 წლის განმავლობაში საქართველო ურყევად უცხადებდა სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენ მეგობარ ქვეყანაში. საქართველო ოფიციალურად შეუერთდა საერთაშორისო პლატფორმებზე შემუშავებულ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, საქართველო დღემდე ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამ ფონზე, დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული: - უკრაინის ხელისუფლებამ, სანქციების არდაწესებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გაუგებარი საბაბით, 2022 წლის 1 მარტს საქართველოდან გაიწვია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული. გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ღრმად გვწამს, რომ როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|