საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს აღსაყდრების 37-ე წლისთავი მიულოცა

2014-12-25

37 წელი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სათავეში - ინტრონიზაციის 37-ე წლისთავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.
"თქვენო უწმინდესობავ, ნება მომეცით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე. ეს ძალიან ძვირფასი დღეა ჩვენთვის. ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის მანძილზე ურთულესი განსაცდელები გამოიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის ასოცირდებით იმედთან და განსაცდელის თუ ლხინის ჟამს ყოველთვის ერის გვერდით დგახართ. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ისეთი ღირსეული სულიერი წინამძღვარი, როგორიც ჩვენი პატრიარქია. თქვენ ყველას კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის, პატრიოტიზმის, მამულიშვილობის და სიყვარულის მაგალითს გვაძლევთ. თქვენი ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მინდა, მთავრობისა და მხედრობის სახელით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. მჯერა, თქვენი ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება ",- მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
პატრიარქის აღსაყდრების 37-ე წლისთავსა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას სვეტიცხოველში ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.