საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

2014-09-17

1 2 

3საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16-17 სექტემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ალ მუშრიფის სასახლეში აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. ტახტის მემკვიდრემ საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრი შეიხ ნაჰიანის სასახლეს ესტუმრა, სადაც არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალაგზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრისა და „დაბი ჯგუფის" თავმჯდომარის, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანის სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითისთან, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან.
აბუ-დაბიდან ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში გაემგზავრა, სადაც გაიმართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვია ქალაქ რას ალ ხაიმას, სადაც საქართველოს დელეგაციას შეიხმა საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა უმასპინძლა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, ასევე იმყოფებოდნენ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური