საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს სავაჭრო აბრეშუმის გზის აგებას ბრაიტონიდან პეკინამდე
2015-10-28 ჩინეთის პრეზიდენტის ბრიტანეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველომ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს უმასპინძლა. საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზა წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან სახმელეთო გზას, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ზუსტად ეს გზა გახდა კეთილდღეობისა და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების წყარო. მან ასევე ხელი შეუწყო სხვადასხვა ქვეყანას შორის ცოდნის, გამოცდილებისა და კულტურული ფასეულობების გაზიარებას. დღეს ჩვენ ახალი სიცოცხლე შეგვაქვს ამ გლობალური კეთილდღეობის და თანამშრომლობის დერეფანში. ჩემი მთავრობის მიზანია, ავაშენოთ აყვავებული საქართველო, რომელიც სტრატეგიულად იყენებს თავის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, როგორც უმნიშვნელოვანესი გადაკვეთის წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. როგორც რეგიონალური გაცვლა-გამოცვლის ცენტრი, საქართველო არის ევროპისთვის ბუნებრივი დამკავშირებელი გზა აზიასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში საქართველომ უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და ასევე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პირველ შეხვედრას. ეს პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საქართველოს როლის წარმოჩენას, როგორც დამაკავშირებელი ხიდისა ევროპასა და აზიას შორის, არამედ ნიშნავს საერთო სარგებლის მოტანას ყველა ადმიანისთვის პეკინიდან ბრაიტონამდე, და უფრო შორსაც. იმის მიუხედავად, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ჩვენ ინდივიდუალურად, რეგიონალურ თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მთლიანი პოტენციალის გამოყენების საქმეში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთის მთავრობა იყო ჩვენი ფორუმის თანაავტორი. პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ჩინეთის მხარდაჭერით აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ჩინეთის პრეზიდენტის მეთაურობით, ეს მხარდაჭერა გამოხატავს ჩინეთის ჩართულობას აბრეშუმის გზის აღსადგენად. დღეს პროდუქციის უმეტესობა ჩინეთიდან ევროპაში გრძელი საზღვაო გზებით აღწევს. აბრეშუმის გზაზე განლაგებულ ქვეყნებს ერთმანეთთან თანამშრომლობით შეეძლებათ გაცილებით სწრაფად და იაფად გადაზიდონ სავაჭრო პროდუქტები ჩინეთიდან ევროპაში. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა გავამარტივოთ საბაჟო პოლიტიკა და შევამციროთ ტარიფები, ასევე უნდა განვაახლოთ და განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ფორუმზე შეჯამების სახით შევქმენით სამუშაო პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ინტეგრაციაში. მომავალ წელს ვაპირებთ ჩვენი გეგმის შესრულების შედეგების განხილვას. ჩვენი რეგიონისთვის იწყება ახალი ერა. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, თუმცა მე ძალიან მახარებს მომავალი ფორუმების პერსპექტივა, რომლებიც ხელს შეგვიწყობს ნათელი მომავალისკენ სავალ გზაზე. ამავე დროს, ბრიტანეთსაც დიდი შემოსავალი ელის ჩინეთთან ინვესტიციებისა და სავაჭრო შესაძლებლობების განვითარებით. ამასთანავე, ბრიტანეთს ძალიან დიდი სარგებლის მიღება შეუძლია ჩინეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენების შემთხვევაში. თუ ბრიტანეთი ისეთივე წარმატებული იქნება ამ მიზნის მიღწევაში, როგორც საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმი, შესაძლებელი გახდება დიდი ნაბიჯები გადავდგათ შეუფერხებელი და ეფექტიანი სავაჭრო ქსელის ორ კონტინენტს შორის მშენებლობისთვის. ეს იქნება მშვიდობიანი და ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის ახალი ერა. |