საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს

2016-05-26

26 მაისს ჩემი ქვეყანა, საქართველო, აღნიშნავს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს. 25 წლის წინ ეს დღე ბევრს ვერც კი წარმოედგინა, ხოლო 50 წლის წინ თავისუფლება ქართველი ერის მგზნებარე გულში დაბუდებული მხოლოდ სურვილი თუ იყო. დღეს აღსანიშნავი ბევრი გვაქვს და ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის.

დღეს დადგა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების, როგორც რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საფუძვლის, განმტკიცებისა და გაღრმავების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოსთან უწყვეტი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ისტორიის გათვალისწინებით, ეს სრულიად შესაძლებელია.

მილიონობით ამერიკელმა და ევროპელმა გაიზიარა დამოუკიდებლობის მოპოვებით გამოწვეული სიხარული, და მათი დახმარებით ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ ოცნების განხორციელებისკენ ვისწრაფოდით და ავისრულეთ კიდეც ის. ამ გზაზე ჩვენმა პატარა ქვეყანამ გამოიარა უკიდურესი გაჭირვება, სისხლიანი სამოქალაქო ომი, სამხედრო აგრესია და ნაწილობრივი ოკუპაცია მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება ჩვენს სამშობლოს.

საქართველოს მოქალაქეები ნამდვილ გმირებად გვევლინებიან იმ დრამაში, რომელიც მოგვითხრობს ჩვენი უძველესი კულტურისა და ქვეყნის შენარჩუნების ისტორიას, ქვეყნისა, რომელშიც, მითების თანახმად, იასონი და არგონავტები ოქროს საწმისს ეძებდნენ. ამ პროცესში ქართველებს ასაზრდოებდათ თავიანთი რწმენა და ჭირში ერთმანეთის გატანის საქვეყნოდ ცნობილი თვისება. შედეგად, მათ გაათავისუფლეს საქართველო.

მათ ასევე უზრუნველყვეს მისი წარმატება. საქართველო ითვლება რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანად თითქმის ყველა კატეგორიაში, ეს არის: კორუფციის ყველაზე დაბალი დონე, ყველაზე თავისუფალი მედია, მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო და სიმცირით მეცხრე გადასახადები მსოფლიოში. საქართველო დაუბრუნდა თავის ევროპულ ფესვებს და სწორედ აქ არის ჩვენი სამკვიდრებელი.

ამ მიზნისთვის ჩვენ მხოლოდ ჩვენი ძალებით არ მიგვიღწევია. სწორედ მეგობრებისა და მოკავშირეების, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების წყალობითაა, რომ დღეს დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. ჩვენ გულწრფელად ვაცნობიერებთ, რომ დავალებული ვართ, და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა ჩვენი წილი ვალის გადახდა, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო ღირებულებები.

ერაყსა და ავღანეთში ჩვენი მებრძოლები ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ მსახურებდნენ და იზიარებდნენ მათ ხვედრს. ჩვენ ვგლოვობთ ჩვენს დაღუპულ მებრძოლებს და გული შეგვტკივა დაჭრილებზე ისე, როგორც მხოლოდ მვრილშვილის დედა-სამშობლოს შეუძლია იგლოვოს.

საქართველო, რომელიც ევროპის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს, არის ევრაზიის დიდი ნაწილის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ზღუდის შუაგულში, რომელიც იცავს არასტაბილურობისგან. დიახ, ისევე, როგორც ყველა ევროპელი, ქართველებსაც აწუხებთ უსაფრთხოების საკითხები.

ჩვენ ვიბრძოდით ნატოს სახელით და ჩვენ ვიბრძვით ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის. საქართველოში მოქმედებს ნატოს ერთობლივი ტრენინგისა და შეფასების ცენტრი, ხოლო ჩვენი ასეული მსახურებს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ფარგლებში. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ნატოს და ჩვენ ვიმსახურებთ მის წევრობას.

დასავლეთში მავანთ აწუხებთ, რომ საქართველოს შესვლა ნატოში რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს, რაც სრულიად ალოგიკურია - ჩვენ აღარ ვცხოვრობთ „გავლენათა სფეროების" სამყაროში.

საქართველოსა და რუსეთს ასევე აქვთ საერთო ინტერესები. საქართველო ასევე ესაზღვრება რუსეთს და იზიარებს მის შეშფოთებას სამეზობლოში არასტაბილურობის გამო, განსაკუთრებით ტერორიზმის მზარდ გავლენასთან დაკავშირებით, რომელიც შუა აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან რუსეთში ბრუნდება. ნატოს წევრი საქართველო პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში, როგორც რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ხელშემწყობი.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის განმკიცების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. დამოკიდებული იმაზე, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში ვიმყოფებით, საქართველო გვევლინება როგორც ახალი აბრეშუმის გზის დასაწყისში ან ბოლოში მდებარე ქვეყანა. ჩვენთვის დიდი სტიმულია, რომ ამერიკამ, ჩინეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, ასეთი ენთუზიაზმით შეისისხლხორცა ლიდერის როლი ახალი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე საქართველოს წამყვან ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში.

უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია ერთმანეთის გარეშე. ამ პრინციპის ნათელი დემონსტრირებაა საქართველოს მონაწილეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირების კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებს და ევროპასა და თურქეთს, ასევე წამოწყებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი გზატკეცილებისა და სარკინიგზო ქსელების მშენებლობას, რის წყალობითაც საქართველო იქცევა შეუცვლელ ლოგისტიკურ ცენტრად.

საქართველოს თავზე დღესაც შეიმჩნევა ღრუბელი, რომელიც ოდნავ ტყვიისფერ ელფერს აძლევს ჩვენი მომავლის ხედვას. 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიების თითქმის მეოთხედი ოკუპირებული აქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის აგრესიულ დამოკიდებულებას დამუკიდებელი მეზობლის მიმართ. საქართველოს გაერთიანების მხარდაჭერას ამერიკის მხრიდან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონცეფცია ბევრად მეტია, ვიდრე აბსტრაქტული ცნება. ეს არის ის, რაც მე 1990-იან წლების მიწურულს თავად გამოვცადე, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკის პროგრამის სტიპენდიატმა ილინოისის უნივერსიტეტში. 2015 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრად ჩემი დანიშვნის შემდეგ მე ძალ-ღონეს არ ვიშურებ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

დღეს, როცა ამერიკა წინაასარჩევნო ფაზაში შედის, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამერიკის მიმართ. ჩვენ უკვე 25 წელია, რაც ერთად ვართ და ერთად ვიბრძვით.

მოდით, ერთად აღვნიშნოთ ის საოცრება, რომელსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია, და ის გზა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

წყარო: http://europe.newsweek.com/georgia-celebrates-quarter-century-independence-463501?rm=eu