საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სტუმრად პატრიარქთან
2015-12-19 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. "კარგად მახსოვს, გასულ წელს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს ისტორიული თარიღი, 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, ჩვენი მიღწევების დაფასება და აღიარება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე იმოგზაუროს და ბევრი კარგი საქმე აკეთოს. ვიზიარებ პატრიარქის სულისკვეთებას, რომ ჩვენ ჩვენივე მდიდარი კულტურითა და ფასეულობებით უნდა გავხდეთ ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ევროკავშირის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ, როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებში. ჩვენი მთავრობა ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მანვე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დადებითი შედეგის მიღწევაში მონაწილეობა მიიღეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია. „ჩვენ ვიცით იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში. ასევე კარგად მოგვეხსენება იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც საქართველოს ეკლესიამ ითამაშა როგორც ამ პროცესში, ისე ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. თქვენო უწმინდესობავ, ამ ჭრილში, მინდა მადლობა მოგახსენოთ ძალისხმევისთვის, მხარდაჭერისთვის, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ასევე ყოველთვის ვგრძნობდი გამორჩეულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. დღეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან მას უზარმაზარი იმედი მოაქვს. ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიღწევები, უმნიშვნელოვანესია,"- განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს წმინდა ნინოს ჯვარი უსახსოვრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|