საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დახურვას დაესწრო
2016-05-25 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, აბსოლუტურად ამაზრზენი ფაქტია და ამ აქტისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს უნდა დაეკისროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „დღეს მოვინახულე მსხვერპლის ოჯახი და დედა. ამ ადამიანებისთვის რამის თქმა რთულია, რადგან ისინი არსებულ სიტუაციის ემსხვერპლნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთის ფედერაციის აქტივობის შედეგია. ამდენად, ჩვენ ველოდებით შესაბამის რეაგირებას, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან. სამწუხაროდ, ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ამ კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა, რადგან ნდობის აღდგენის პროცესში ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის; საზღვრის გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი გორის რეგიონში ქართველი გლეხების კუთვნილ ბაღებში გავლება. ეს მოვლენები შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ ამ ქმედებებზე ეფექტური პასუხის გაცემა არ შეგვიძლია - ჩვენი პარტნიორების დახმარებით მშვიდობიან, ძალის გამოუყენებლობის პოლიტიკას ვატარებთ. გასული ათწლეულების მანძილზე გაუარესებული ურთიერთობების დათბობა მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკითაა შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, თუმცა ამავდროულად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა, კონფერენციაზე, დისკუსიისას ასევე უპასუხა კითხვას, რას ელის საქართველო ვარშავის სამიტისგან და აღნიშნა, რომ ქართველები ოპტიმისტები და სწამთ უკეთესი მომავლის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მეორე მიზეზი, რატომაც საქართველოს ალიანსის წევრობა სურს, არის ის, რომ NATO არა მხოლოდ სამხედრო გაერთიანებაა, არამედ არის კავშირი, რომლის წევრები პატივს სცემენ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. „სასამართლო რეფორმის ორი ტალღის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. გარდა ამისა, რეფორმირებულია სამართალდამცავი უწყებებიც - რეფორმებამდე თითქმის ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების ნაწილი უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა. ცვლილებები საქართველოს პროკურატურასაც შეეხო - გასული წლიდან მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებულია არა მარტო მთავრობის, არამედ პარლამენტის წინაშეც, რამაც მისი პასუხისმგელობა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და სწორედ ამიტომ, რეფორმების მესამე ნაწილის ფარგლებში გათვალისწინებული ცვლილებები უკვე წარედგინა პარლამენტს",- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობას, რეფორმების პროცესში კონსულტაციები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამხედრო სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომლის თვალსაჩინო შედეგი აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად განხორციელებული წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" და საქართველოს შესანიშნავი თავსებადობაა NATO-ს სტანდარტებთან", - აღნიშნა პრემიერმა. „მომავალი წლიდან დაგეგმილია საპენსიო სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შემუშავდა ნოვატორი ახალგაზრდების მიერ შექმნილი „სტარტაპების" დაფინანსების მექანიზმი. გარდა ამისა, შემუშავდა ერთიანი „ფრონტ ოფისის" შექმნის იდეა, რომელც სახელმწიფო სერვისებს მომხმარებელზე კიდევ მეტად ორიენტირებულს გახდის. აღსანიშნავია წინა ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა - იუსტიციის სახლები, რომლებიც 400-ზე მეტი ტიპის მომსახურებას სთავაზობენ პირებს. წინა მმართველობის ეს მიღწევა მართლაც გასაოცარია, თუმცა ასევე უნდა აღინიშნო, რომ მათი ხელისუფლების ბოლო 5 წელი სრულიად კატასტროფული შედეგების მომტანი იყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა წინა ხელისუფლების მიღწევებს აღიარებს, და აუმჯობესებს იმ სფეროებს, რომლებიც ჯერ კიდევ პრობლემურია. პრემიერის თქმით, იგეგმება სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდება იურიდიული პირებისთვისაც. პრემიერის შეფასებით, მეოთხე უმნიშვნელოვანესი რეფორმა განათლების საბჭოური სისტემის შეცვლას გულისხმობს. კერძოდ, იგეგმება განათლების სფეროების დაფინანსება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით და პროფესიული განათლების დუალური სისტემის დანერგვა. „ეს რეფორმები არა ცვლის, არამედ აძლიერებს ქართველი ერის ევროპულ დნმ-ს. საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევროპული ინსტიტუტებით, სათანადო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების დარგში მოქმედი ძლიერი ინსტიტუტებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|