საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტთან

2016-06-27

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმება; სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრ იოჰან შნაიდერ-ამანის შეხვედრის მთავარი თემები, რომელიც დღეს ფონ-ვატენვილის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მხრივ კარგ საფუძველს ქმნის ორმხრივი შეთანხმება, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ, რომელსაც დღეიდან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დაემატა.

თანამშრომლობისთვის პერსპექტიულ სფეროებად დასახელდა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ენერგეტიკა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შვეიცარული კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს" წარმატებულ ინვესტიციას საქართველოს აგრარულ სექტორში.
საუბარი შეეხო საქართველოში პროფესიული განათლების დაგეგმილ რეფორმას. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მეშვეობით ახორციელებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

მთავრობის მეთაურმა ფედერალურ პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე. იოჰან შნაიდერ-ამანი რეგიონში არსებული ვითარებითაც დაინტერესდა.

საქართველოს პრემიერმა ფედერალური მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ეუთო-ს ფარგლებში შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის როლსაც დაეთმო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური