საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტის ფინალისტები
2016-08-25 თქვენი გამარჯვებით დღეს საქართველო არის გამარჯვებული, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "სტარტაპ საქართველოს" ფინალისტებს. ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს 51 ფინალისტი ჰყავს. მაღალტექნოლოგიური კომპონენტის დახურვის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა. მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ჰყავს "სტარტაპ საქართველოს" ფინალისტები. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა წაახალისებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, წამოიწყონ თავიანი საქმე. "დღეს გვყავს 51 ფინალისტი, აქედან საბოლოოდ შეირჩევა 20, მაგრამ ყველანი უკვე არიან გამარჯვებულები, იმიტომ რომ მათ ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საპარტნიორო ფონდს პროგრამის ბრწყინვალედ განხორციელებისთვის, ასევე საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებმაც ეს პროგრამა გახადეს შესაძლებელი. საერთაშორისო ექსპერტებმა შეადარეს ჩვენს ქვეყანაში სტარტაპების დინამიკა ევროპული ქვეყნებისას და მათი მოსაზრებით, საქართველოში საკმაოდ მაღალი დინამიკაა, რაც ძალიან გვახარებს. ფინალისტებს შორის იმყოფებიან დედა-შვილი, ბაბუა და შვილიშვილი. ასევე, ფინალისტების იდეების სპექტრი არის ძალიან ფართო," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში უკვე 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. 150-მდე განაცხადიდან 51 საუკეთესო, "სილიკონის ველის" საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. 51 ფინალისტიდან დღეს გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული 100 000 ლარით დაფინანსდება. სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ 5 გამარჯვებულს სლოვაკეთში ერთკვირიანი სტაჟირების სერთიფიკატები გადასცა. ფინალისტებს „სტარტაპ საქართველოს" სიმბოლო გადაეცათ, რომელიც ტექნოპარკში დამზადდა. მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|