საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან
2016-12-01 ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გრძელვადიან ჭრილში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მისი თქმით, წარმოადგენს მთავრობის მთავარ პრიორიტეტს. მანვე მისასალმებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სამომავლო დახმარება 2017-2020 წლებში კონცენტრირებული იქნება, ძირითადად, ეკონომიკურ ზრდასა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რაც იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თვალსაჩინო აღიარება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|