საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2016 წლის 17 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2016-11-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე." საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ამოქმედებით, შესაძლებელი ხდება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე დასახლებებისთვის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავების არქიტეტქურულ გეგმარებითი დავალების/ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესება.
ცვლილების განხორციელება გამოწვეულია დაუგეგმავი სამშენებლო პროცესების თავიდან ასაცილებლად. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ტერიტორიების, როგორც სივრცულ-მოცულობით, ისე ვიზუალურ განვითარებაზე. მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტია ქვეყნის სივრცითი მოწყობა, რაც გულისხმობს ტერიტორიების და დასახლებების განავითარებას სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით. სწორედ ამიტომ, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შექმნამდე საჭიროა ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები იძლევა საშუალებას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნას სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემო და პირობები - „თანაბარი შესაძლებლობების სივრცე", გააუმჯობესოს ურთიერთკავშირი ქალაქსა და სოფელს შორის, ხელი შეუწყოს მაღალხარისხიანი მდგრადი ტურიზმის განვითარებას, შექმნას ინვესტირებისთვის მასტიმულირებელი და მიმზიდველი გარემო, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება.

მთავრობის სხდომაზე მოიწონეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების,ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ." საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იცვლება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველადი ინსპექტირების ბოლო ვადები. კერძოდ, პირველად ინსპექტირებას 01.07.2017 წლამდე, ნაცვლად 24 და მეტი წლის სატრანსპორტო საშუალებების და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, დაექვემდებარება 20 და მეტი წლის სატრანსპორტო საშუალებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი საწარმო გაიხსნება.

ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო სს „რუსთავოილს" ქალაქ რუსთავში მდებარე 97621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა.კომპანია 2 342 904 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და წელიწადში არანაკლებ 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას უზრუნველყოფს. სულ დასაქმდება 40 ადამიანი.

შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯიას" გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე 8816.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა. შეიქმნება პლასტმასის ან/და მისი ნაწარმის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანია 616 976 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და წელიწადში არანაკლებ 3 000 ტონა პლასტმასის (ან/და მისი ნაწარმის ნარჩენების, ჩამონაჭრების ან/და ჯართის) წარმოებას უზრუნველყოფს. სულ დასაქმდება 35 ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური