საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2016 წლის 9 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2016-12-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, 195 დევნილ ოჯახს  საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში  უსასყიდლოდ გადაეცა. დევნილებმა ბინები თბილისში, მცხეთაში, ხონსა და წყალტუბოში მიიღეს. 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 13 600 დევნილ ოჯახს  გადაეცა. 

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის თანახმად, აბაშვილის ქუჩა N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქში თავდაცვის სამინისტროს 94 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ბინები საკუთრებაში გადაეცემა. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქართული ჩიფსის, ,,FRIXX"-ის მწარმოებელ კომპანიას, შპს ,,მზიან მოსავალს," წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ბოლნისში, სოფელ ტალავერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ხოლო ამავე სოფელში და ასევე სოფელ სავანეთში მდებარე 5 ერთეული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 10 წლიანი იჯარით გადაეცემა. ,,მზიანი მოსავალი" სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე შექმნის საკვები პროდუქტის გადამამუშავებელ და სამაცივრე ინფრასტრუქტურას, ასევე უზრუნველყოფს ნაკვეთების საირიგაციო და წყლის საქაჩი სისტემების მოწყობას. კომპანია გადაცემული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის დაახლოებით 80 პროცენტზე კარტოფილის მოყვანას, შემდგომ მის გადამუშავებას და ჩიფსების წარმოებას გეგმავს.სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და წარმოების დასაწყებად ,,მზიანი მოსავალი" ჯამში 700 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი „საქართველოს გადამცემი ქსელების განვითარების ათწლიანი გეგმის მოწონების თაობაზე", რომლის თანახმად, მომავალი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს ენერგო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში 735 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2017-2027 წლებს მოიცავს და გადამცემი ქსელის  განვითარების უზრუნველყოფას, მდგრადი, საიმედო და ეფექტური გადამცემი სისტემის შექმნასა და გენერაციის განახლებადი წყაროების ქსელში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ენერგო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციას განახორციელებენ  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები - KFW, EBRD, WORLD BANK.  

მთავრობამ ასევე ძალადაკარგულად გამოაცხადა დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N183 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ", რის შედეგადაც, განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება. გადაწყვეტილება მთავრობამ ცენტრის ამოცანების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქციებთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე მიიღო.