საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან
2017-01-20 საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს. აღინიშნა, რომ 2016 წელს EBRD-მა განახორციელა ინვესტიციების რეკორდული ოდენობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევროს მოცულობით. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილი - ქვეყნის სივრცითი მოწყობა იყო. სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|