საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობით წინანდლის ფესტივალი ფუძნდება
2017-01-27 სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი" ფუძნდება, - მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერამდე, კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება. პროექტი, წინანდალში, მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან, რომლებიც, ამავდროულად, ფესტივალის საკონცერტო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმისა და სერვისების განვითარებას, ისე - რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|