საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები
2017-04-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადავუხადო ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ესჰაყ ჯაჰანგირს გულთბილი მასპინძლობისთვის. მოგეხსენებათ, რომ, რამდენიმე დღის წინ, 18 აპრილს საქართველოში ვუმასპინძლეთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს. აღნიშნული ვიზიტები ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დადასტურება გახლავთ. მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სამართლებრივი ბაზის დახვეწა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულების გააქტიურებისაკენ. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით და ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს. ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რის გამოც, კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდით ირანის სახელმწიფოს და ირანელ ხალხს. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მათ განსახორციელებლად. კერძოდ, საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ასევე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.
მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ირანი და საქართველო მდებარეობენ ერთი ცივილიზაციის არეალში, გააჩნიათ ძალიან ბევრი საერთო ისტორიული და კულტურული ფაქტორი, ძირძველი კავშირები და სწორედ ეს განაპირობებს ორ ქვეყანას შორის კარგ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|