საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა ლიტვის სეიმის დელეგაციასთან

2017-09-11

 

საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის, წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყანაა და ლიტვა ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის კიდევ უფრო გაძლიერებას, - ამის შესახებ ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

საუბრისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც სექტემბერში იგეგმება.

პრემიერმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების,ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შესახებ.

ლიტვის საპარლამენტო დელეგაციამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლისა და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ლიტვის დელეგაციამ საქართველოსთვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

ინფორმაციას, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ, ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ევროპულ ინსტიტუტებს მიაწვდის.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური