საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2017-09-12

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.


მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს, რომელთა მოცულობა 754 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა არაერთ სფეროში, მათ შორის - განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.


შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, სტრუქტურულ - მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე.


მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე ისაუბრა 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

სირილ მიულერი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ფორუმში - „Boosting Georgia's Development: From Top Reformer to Top Performer, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად 15 სექტემბერს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური