საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნა
2017-09-14 უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოიფინა. გამოფენა სახელწოდებით, „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა. მთავრობის მეთაურმა ქართული საგამოფენო სივრცე ბორდოს მერთან ალან ჟუპესთან ერთად დაათვალიერა 4-თვიანი გამოფენის მანძილზე, არაერთი ღონისძიება გაიმართება - სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან. გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებებიც. გამოფენას, მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში, 4 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა. ღვინის მსოფლიო დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
|