საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დაიწყო
2017-09-18
საქართველო უერთდება გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას, - დოკუმენტს ქართული მხარე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში შეუერთდა. მთავრობის მეთაური დღეს დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თემაზე - „გაერო-ს რეფორმები", რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. საუბრისას, მათ ყურადღება გაამახვილეს გაერო-ს საქმიანობაზე და რეფორმებზე, რომლებიც ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე, შეხვედრას გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|