საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

Wizz air-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს

2017-10-06

--

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizz air-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

Wizz air-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით - ასე შეაფასა Wizzair-ის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„კომპანია Wizz air-ის ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მხრიდან, როგორც შემოყვანილი, ისე გაყვანილი ტურისტების რაოდენობა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამატოს ერთი თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2018 წლის მაისიდან ემატება ოთხი ახალი მიმართულება - რომი, პარიზი, ბარსელონა და პრაღა. ჯამში გვექნება 16 მიმართულება 11 ევროპულ ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში ტურისტების შემოყვანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Wizz air-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

„აპრილში, პრემიერ-მინისტრის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-უნგრული ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან კავშირის გაფართოების გზები; ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩამოვიყვანოთ მეტი ტურისტი აქ და როგორ უნდა გაიზარდოს ქართველ მოგზაურთა რაოდენობა საზღვარგარეთ. დღეს მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრა მიღწეულ პროგრესზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავის დამატების შესახებ, რომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის - პარიზისა და რომის მიმართულებით; გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით - ბარსელონასა და პრაღაში. ამოქმედდება ოთხი ახალი რეისი და ქუთაისის აეროპორტიდან იფრენს მეორე სამგზავრო თვითმფრინავი, ასევე გაიზრდება შიდა ტურიზმის შესაძლებლობა", - განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური