საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს
2017-10-09 საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება საქართველოს ეკონომიკის მაღალ და ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს, რაც კერძო ინვესტიციების, წარმოებისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდა. IMF-ის შეფასებით, ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას, ხელი შეუწყო გონივრულმა პოლიტიკამ, ასევე - სავაჭრო პარტნიორების სიმრავლემ, ექსპორტმა, ტურიზმმა და ინვესტიციებმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შთამბეჭდავად შეაფასა ფისკალური მაჩვენებლებიც და აღნიშნა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. ფონდის შეფასებით, მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების ასანაზღაურებლად. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ფინანსურ სექტორში მიმდინარე რეფორმებს და დადებითად შეფასდა სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესი. პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|