საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა Nurol Holding-ის ხელმძღვანელთან

2017-11-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს და საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, ნურეთინ ჩარმიქლის უმასპინძლა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ნურეთინ ჩარმიქლის საქართველოს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს Nurol Holding-ის მიერ განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პრემიერმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დანახარჯები მიმდინარე წელს 36-37%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, ამ მიმართულებით 89-90%-ით მეტი დაიხარჯება.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც იმსჯელეს.
ნურეთინ ჩარმიქლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს.