საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთში იმყოფებოდა

2017-05-12

2

1 43 

5 76 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონელმა კოლეგამ, იური რატასმა უმასპინძლა.
შეხვედრის ძირითადი თემები არაერთ სფეროში საქართველო-ესტონეთის ორხმრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს წარმატებები უსურვა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში დაიწყებს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის გამოცხადებას და იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი პრაქტიკული და ხელშესახები შედეგებით დასრულდება. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის პოლიტიკური და მატერიალურ-ტექნიკური შედეგი, რომელიც შეიძლება, სამიტს მოჰყვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ამ კონტექსტში პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
მხარეების შეფასებით, 2017 წელი მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებშიც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი.

პრემიერ-მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მრავალი მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკა; ასევე, ისაუბრეს პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული თანამშრომლობა სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან, რომელიც ესტონურ მოდელზე დაფუძნებულ საგადასახადო რეფორმას, მეწარმეობის ხელშეწყობას, ელექტრონულ მმართველობას და საგანმანათლებლო რეფორმას მოიცავს.
პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს სამეცნიერო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე "სტარტაპების" ხელშეწყობის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე.
შეხვედრისას, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივ განცხადება გააკეთეს.

"პირველ რიგში, გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, რომლის ფუნქციების შესრულებას თქვენ ახლო მომავალში დაიწყებთ. ეს არის გამოწვევებით აღსავსე ამოცანა, რომელიც თქვენ გეკისრებათ ევროკავშირისთვის გადამწყვეტ პერიოდში. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას ერთიანი ევროპის შესახებ ჩვენი საერთო ხედვის ხორცშესხმაში.
ჩვენ მივესალმებით ესტონეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს თქვენი მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ბრიუსელში, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მოიტანს პრაქტიკულ შედეგებსდა, ამავე დროს, დასახავს ჩვენი ურთიერთობების განვითარების შესახებ მომავალზე და წინსვლაზე ორიენტირებულ ხედვას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ესტონეთი მისაბაძი მაგალითია საქართველოსთვის.

"მოგახსენებთ დიდ მადლობას მეგობრობისა და პარტნიორობისთვის ამ წლების განმავლობაში, ასევე ჩვენი ყველა ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგის ჩათვლით.
რასაკვირველია, ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული აგრესიული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ, აფხაზეთში გამყოფი ხაზების მიმდებარედ ე.წ სასაზღვრო პუნქტების გაუქმების, ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ არჩევნების ჩათვლით.

ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ჩართულობის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი", - აღნიშნა პრემიერმა.
ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავი ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
"ივნისში ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დაუშვებელია იმის უგულებელყოფა, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დიდიწარმატება.
აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ესტონეთის გრძელვადიან პრიორიტეტს და ჩვენი მიზანია მისი განმტკიცება ესტონეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივლისში იწყება.

როგორც იცით, 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაღალი რანგის წარმომადგენლობა და რეალური შედეგები ამ სამიტზე.მოვუწოდებ ჩემს ძვირფას კოლეგას, სრულად გამოიყენოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გზები შესაბამისი მიზნების მისაღწევად და საქართველოში რეფორმების გასაღრმავებლად.
ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის, განათლების, ელექტრონული მმართველობის სფეროებში, ასევე - ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან პოზიტიურია.

შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები. მიმაჩნია, რომ ამისთვის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს", - აღნიშნა იური რატასმა.

ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდა. პრემიერმა ისინი საქართველოში მიიწვია.
საქართველოს დელეგაციაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური