საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა

2017-08-30

1  2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. 

საუბრის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები იყო. 

პრემიერ-მინისტრმა  სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა. 

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონული სატრანსპორტო პროექტების აქტივიზაციით და ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტერესის საგანია. ამიტომაც, ჩვენ ვიმყოფებით აქ, რათა განვიხილოთ ეს პროექტები. მოხარული ვართ, რომ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ვაფასებთ თურქმენეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თურქმენეთის პოზიციას საერთაშორისო პლატფორმებზე. გილოცავთ "აზიადა 2017"-ის წარმატებულ ორგანიზებას და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ასეთი ღონისძიებები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ სპორტის განვითარებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. მადლობას გიხდით გახსნის ცერემონიაზე მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, საქართველო ამ ღონისძიებაზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ამ მხრივ არსებობს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენი მიზანია, არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება, რათა განვავითაროთ სატრანზიტო პროექტები. "აბრეშუმის გზის" წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაცილებით მაღალ ხარისხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა  ასევე ისაუბრა კულტურულ-ჰუმანიტარულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. 

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რაც აისახა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებზე.

"ჩვენ მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ თურქმენეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საერთაშორისო ინიციატივებს, ღია კარის პოლიტიკას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება სატრანზიტო დერეფნის განვითარება და ა.შ. არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია და მადლობას გიხდით, რომ დღეს გაიმართება მისი მომდევნო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი კვირიკაშვილი მეხუთე აზიური თამაშების "აზიადა 2017"-ის გახსნაზე აშხაბადში კიდევ ერთხელ მიიწვია და აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ასევე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი.


ასევე გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან. საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების შემდგომი განვითარება იყო. 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო, ასევე დაათვალიერა ოლიმპიური სოფელი, ოლიმპიურ პარკი და საერთაშორისო საცხენოსნო-სპორტული კომპლექსი.

საქართველოს დელეგაციაში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გოგი ვაშაყმაძე და "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდნენ. 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


ფოტოალბომი