საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2017 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2017-10-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, დამატებით 377 ოჯახი გაზიფიცირდება. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში განხორციელდება. სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განახორციელებს და მისი ღირებულება 900 ათასი ლარია. 2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობამ საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირებისათვის 62 მლნ ლარი გამოყო და რეგიონებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 67 904 ოჯახს მიეცა.

2017 წელს კი საქართველოს მთავრობამ გაზიფიცირებისათვის 47 მლნ ლარი გამოყო, რაც ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობას დამატებით 40 ათასამდე ოჯახს მისცემს.

მთლიანობაში, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი.

მთავრობამ ასევე მოიწონა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მდინარე ჭოროხიდან სარფამდე ჩქაროსნული საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირება იწყება.

პროექტის განხორციელება მკვეთრად გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, საგრძნობლად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას, გაიზრდება შავი ზღვის პორტების მეშვეობით სატრანზიტო ტვირთების გამტარუნარიანობა ევროპიდან შუა აზიაში და პირიქით, ასევე - განიტვირთება საკურორტო ზონა.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, მდინარე თხილნარაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 1 850 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და 2018 წლის ივნისში დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური