საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის

2019-06-10

  ..

ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანადაში, ქალაქ მონრეალში, ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - "გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში" და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა ბიზნესს სთავაზობს.

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა კანადას, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით ედგა და ყველაზე მძიმე დროსაც მხარს უჭერდა საქართველოს.

"ჩვენ ვართ კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის და ევრაზიის კონტინენტის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის.

განსაკუთრებით თვალსაჩინო მიღწევები გვაქვს ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით, რადგან საქართველოში უხვად გვაქვს ჰიდრორესურსი; მესამეა სამთო მრეწველობა და მოხარული ვარ, რომ კანადური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი, დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. საქართველო ცდილობს, გაზარდოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან კომპანიების ინტერესი, წარმოება ჰქონდეთ სამყაროს ჩვენს ნაწილში, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მონრეალის კონფერენცია, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითად საკითხებზე მსჯელობისთვის თავს უყრის პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფო, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმი ასევე ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირებსა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. კონფერენცია, რომელსაც წელს 4 ათასამდე მონაწილე ჰყავს, 13 ივნისს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური