საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას - საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის
2020-01-21 საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტებს, იურგნ რიტგერინქსა და ალან პილოუს საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. გიორგი გახარიას შეფასებით, EBRD საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძლიერი მხარდამჭერია და მთავრობა აფასებს მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია, მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე, ქვეყანას განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. საუბრისას ხაზი გაესვა EBRD-ის როლს ეროვნული ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შექმნაში, ასევე განსაკუთრებულ წვლილს განათლების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული სფეროს რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|