საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა

2020-01-29

  ..

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს  წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის გახსნით სიტყვაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ოთხ ძირითად პრიორიტეტზე - უსაფრთხოება; ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა; ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია, დღეს ჩავატაროთ ეს კონფერენცია და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტრადიციული ღონისძიება ჩვენს და ჩვენს დონორ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში.  დღეს გვაქვს საშუალება, მჭიდროდ, სამუშაო რეჟიმში გავიაროთ თითოეული ის საკითხი, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის შემდგომი რეფორმირების, ასევე რაც მთავარია თქვენი მხრიდან ამ რეფორმების მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმირების ფარგლებში 2018 წლის ჩათვლით 7 მილიარდ დოლარზე მეტი იყო დახარჯული.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დონორთა კონფერენციაზე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს იმ სფეროებს და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომელიც არის გაფორმებული და დაფიქსირებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რადგან ჩვენი თანხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას.  ეს გახლავთ, პირველი - უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები. მესამე - განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეოთხე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობისთვის - ღია მმართველობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებაზე, როგორც ქვეყნის ძირითად  მიზანსა და გამოწვევაზე. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი  ქვეყნის საგარეო პოლიტიკა-ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციაა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ  საქართველოს მთავრობას აბსოლუტურად ღიად აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია, რომ ოკუპაციის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებით.

„უსაფრთხოება, მოგეხსენებათ არის ქვეყნის, როგორც ძირითადი მიზანი, ასევე ჩვენი ძირითად გამოწვევაც.  შეუძლებელია გამოწვევების გარეშე ვისაუბროთ დღეს უსაფრთხოების კომპონენტზე, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ქართული მიწის 20 პროცენტის ოკუპაციას, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვას 20 პროცენტით ყველა მიმართულებით, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული და რაც მთავარია, ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით. და ამასთან, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, რასაც დღეს ქვეყანაში ჰქვია ოკუპაცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ  ყურადღება გაამახვილა შიდა უსაფრთხოების კომპონენტზე, როგორც მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან ნაწილზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის მოიცავს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას.

„ეს ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, დღესაც, სამუშაო ჯგუფებში ჩვენ შევძლებთ, ჩვენს კოლეგებს დავუდასტუროთ ის პროგრესი და ვისაუბროთ იმ აუცილებელ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია და რომლებსაც ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ ნაწილსა და სამუშაო ადგილების კომპონენტზე ისაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა,  შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დამატებითი სამუშაო ადგილების მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ის გამოწვევაა, რომელზეც საქართველოს მთავრობას შემდგომი წლების განმავლობაში კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს.

„ამ მიმართულებით, ჩვენი დიდი ხანია უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ღია და გამჭვირვალე პრინციპები, რომლის ძირითად არსი გახლავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ კერძო ბიზნესი.

სახელმწიფო თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყანაში დამატებით ინვესტიციებს, როგორც შიდა, ასევე უცხოურ ინვესტიციებს. ასევე, სახელმწიფო უჭერს მხარს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას, იმ ბიზნესის, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და რაც მთავარია, უნდა გახდეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ასეთი, უკვე ძლიერი, მყარად ფეხზე მდგომი ბიზნესი გახლავთ ის კომპონენტი, ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური განვითარების, რომელზეც შემდგომ სახელმწიფოს შეეძლება  ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად სოციალური პასუხისმგებლობა გადაანაწილოს. ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომლისკენაც ჩვენ, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მივდივართ. რა თქმა უნდა, აქ არის დამატებითი კომპონენტი და პირდაპირი სახელმწიფოს ვალდებულებაა ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა, რომელზეც კარგად არის ცნობილი და თითოეულ თქვენგანს მოეხსენება, რომ სახელმწიფო, ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით ლარის ინვესტიციას საკმაოდ ეფექტურად ახდენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს არის ის დისბალანსი, რომელიც  დღეს შრომის ბაზარზე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რასაც დღეს სახელმწიფო განათლების სისტემაში რეფორმირებისთვის აკეთებს, ძირითადად მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე დისბალანსის აღმოფხვრას.

„ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს საშუალო და პროფესიული განათლების სფეროებში, მიზნად ისახავს დისბალანსის აღმოფხვრას შრომის ბაზარზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საკმაოდ იაფი შრომითი ძალა გვაქვს, თუმცა ასევე, უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა იმ ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში, რომლის მოთხოვნაც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის პრიორიტეტებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან -  სისტემურ რეფორმაზე განათლების სფეროში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ერთი წლის წინ განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით დაიწყო.

„დღეს ეს რეფორმა სრულად არის გაშლილი საშუალო განათლების დონეზე და ასევე, პროფესიული განათლების თვალსაზრისით უკვე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. თუმცა, ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ჩვენს პარტნიორებსაც და ჩვენ მოქალაქეებსაც და უნდა ავუხსნათ, რომ ეს ის რეფორმაა, რომელიც ერთ, ორ, სამ წელიწადში შესაბამის შედეგებს ვერ მოიტანს. ამას სჭირდება სისტემური მუშაობა, სტრუქტურირებული და ძალიან მაღალი კონცენტრაციის მქონე მუშაობა წლების განმავლობაში და ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის", -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შეძლო და საქართველოს  ეკონომიკას გააჩნია საკმაოდ კარგი სამართლებრივი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა და მსხვილ ეკონომიკებთან ურთიერთობის.

„აქ ვგულისხმობ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს, რომელიც დღეს ჩვენს პორტფელში არსებობს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შემდგომ ჩინეთთან, ყველა ჩვენს მეზობელთან. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან, ისრაელთან და ასე შემდეგ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ეკონომიკას უჭირს ამ კონკრეტული მიღწევების სამართლებრივი ჩარჩოს რეალურ შედეგებში კონვერტირება რიგითი ქართველი მოქალაქეების და თუნდაც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს ნათლად ჩანს, პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან და უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ აქ არ გვაქვს სერიოზული გარღვევები, განსაკუთრებით ბიზნესის, კერძო ინიციატივის, ეკონომიკისა და საშუალო ბიზნესის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ არის ისეთი პრობლემები, აბსოლუტურად ობიექტური, როგორიც არის სტანდარტიზაციის დონე, შესაბამისობა, კომპეტენციის დონე, ხარისხის კონტროლი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაური ამბობს,   ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რაც  დაკავშირებულია საგზაო კავშირგაბმულობასთან.

„ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები, როგორც ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, ინსტიტუციური დაახლოების თვალსაზრისით ევროკავშირთან. ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით, ინსტიტუციური მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ რთულია ოპერირება ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს მთლიანი სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირთან ურთიერთობის, მაგრამ არ გააჩნია სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან. ეს არის დამატებითი გამოწვევა, რომლის გადალახვის ძირითადი ამოცანა და გზა დღეს გახლავთ ის რაშიც ჩვენ ალბათ, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი დახმარება გვჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ეს გახლავთ საგზაო კავშირგაბმულობის გაძლიერება, თუნდაც შავი ზღვის საშუალებით ევროკავშირის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ისაუბრა ღია მმართველობის მთავარ მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარების წარმატება ძლიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის არსებობის გარეშე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ბიუროკრატია უნდა იყოს მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიული ხარისხის მატარებელი. 

„ეს არის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ღია მმართველობის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას შეიძლება უშლიდეს ხელს. აქ ჩვენ გვაქვს სერიოზული წარმატებები, თუმცა სამუშაოც ძალიან ბევრია", - განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერის თქმით, საქართველო როგორც ინსტიტუციური განვითარებით, თუ სხვადასხვა პროცედურებით, ასევე სხვადასხვა ძალზედ ავტორიტეტული რეიტინგების შესაბამისად, ბევრ, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს. 

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ღია მმართველობის პრინციპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენი კონცენტრირებული შრომის და მუშაობის მიზანი უნდა გახლდეთ  კორუფციასთან ბრძოლა და ეს რა თქმა უნდა, ასე იქნება. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. ეს გახლავთ სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და საგადასახადო სფეროს, საჯარო სერვისების, ისევე, როგორც ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით და საჯარო სამსახურის შესახებ შესაბამისი კანონების ცვლილებები. ეს კანონები უკვე საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მათი იმპლემენტაციის უმრავლესობის ეტაპი დასრულებულია, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ თითოეულ მათგანს შემდგომი განვითარება სჭირდება. ყველა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ გვესმის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის რჩება შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავარია, რომ პარტნიორებმა, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები.

გიორგი გახარიას განცხადებით,  კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და  რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, კიდევ ბევრი სამუშაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ საკმაოდ პრაგმატულად ვუდგებით საქმეს და ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ სანამ ევროკავშირში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენ შეიძლება წლები დაგვჭირდეს რეფორმებისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და შედეგები ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმების და რაც მთავარია, ამ რეფორმების პროცესში ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები იყვნენ ჩვენს გვერდით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტრატეგიული დიალოგი დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მათი ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ინიციატივების შესახებ იყო  დონორთა ყოველწლიური ფორუმის მიზანი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. 

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. დისკუსიისას, რომელშიც  მინისტრების მოადგილეები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა თემატური საკოორდინაციო შეხვედრების ციკლი და განისაზღვრა კონკრეტული ვადები. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური