საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე - ,,საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა''
2020-02-21 წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. პრემიერის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ. დეკემბერში ჩვენ აქ ვიყავით მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად და მაშინ ვთქვით, რომ აქ აუცილებლად დაიწყებოდა ახალი მშენებლობა, რომელიც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს მოგცემდათ საშუალებას, ღირსეულად გეცხოვრათ ყოველდღიურად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ საშრომი, ყოველდღიურად, ყველას ერთად, იმისთვის, რომ ისეთი მძიმე სოციალური პრობლემები, რომელიც იყო აჭარაში, ყველამ ერთად გადავწყვიტოთ. მაგრამ ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ზუსტად დღეს, აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში, რომ აქ აშენდებოდა ოცნების ქალაქი, ზუსტად ასე გპირდებით, რომ წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების, რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა ამ ბავშვებისთვის. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია და აქ აშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი დღეს, ისევე როგორც აჭარის მთავრობის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა - ამ ბავშვებისთვის და ამ ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულად ცხოვრების საშუალება. გილოცავთ კიდევ ერთხელ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|