საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი
2020-03-22 აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ავიაკომპანია "აირზენას" განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი. „აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ჩვენთან, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ჩამოგვყავს, თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორც ყველაზე უფრო უსაფრთხო იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნულ საკითხზე განაცხადა, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ზალკალიანის თქმით, ვინაიდან მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებაა საჭირო. კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა #StopCoV მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|