საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული ვითარება განიხილა
2020-03-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად აკონტროლებენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მუნიციპალიტეტების საკვებით თუ ფარმაცევტული პროდუქციით მომარაგების კუთხით შეფერხებები არ არსებობს. უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტიდან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ორმა საქართველო ავსტრიის მიერ დანიშნული სპეციალური რეისით გვიან ღამით დატოვა, 9 პაციენტი ამ ეტაპზე გაწერილია, ხოლო მკურნალობას განაგრძობს - 56 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |