საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია, წინანდალში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

2020-05-19

  ..

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, პირველ რიგში, ტურიზმის სექტორს ეხება.
 
„ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ და პირველ რიგში, ერთმნიშვნელოვნად, ეს ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა დღეს კახეთში, ასეთ დროს, ასეთ ამინდში და ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის საშუალება იქნება.
 
„მსგავსი  კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ covid-19-სგან სუფთა ზონებად. ეს არ იქნება  რთული მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს covid-19-ის რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად, ჩვენ შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. მარტივია, სამყარო სხვანაირი იქნება. გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ,  დრო დაგვჭირდება, მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, იქნება სულ სხვა გლობალური კონკურენცია. ეს კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
  
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ისტორია, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია, ძეგლები, სამზარეულო, კულტურა და სტუმარმასპინძლობა უნდა დაემატოს, რომ საქართველო ეფექტურად მართავს ვირუსის რისკებს, ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ქვეყანას - აამოქმედოს ეკონომიკა.
  
„ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ სამწუხაროდ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს როგორც ჩანს გაურკვეველი ვადით, შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე თვე ან წელი. ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის უნდა გაძლიერდეს. ჩვენ შეიძლება წელს და, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს როგორც შარშან მივიღეთ ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმარმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა, ამავდროულად კი ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ესაა ჩვენი მიზანი და ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც დღეს გვაქვს, ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაშიც. პირველად ჩვენ ვიყავით ამ თემაზე სასაუბროდ აჭარაში, ბათუმში. იქაც, მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის წილი ეკონომიკისა და რეგიონის განვითარებაში არის უკიდურესად დიდი, ზუსტად იგივეა დღეს კახეთში და ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ პირველ რიგში ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად თბილისიდან. იქ ცოტა სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა რთულია, კახეთში და ზოგადად რეგიონში ეს უფრო მარტივია. ეს არის რისთვისაც ჩამოვედით. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. ერთბაშად და სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველო, როგორც covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი და რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე, ტურიზმი ვერ იქნება და სტუმარი არ ჩამოვა. უნდა ვიყოთ covid-19-სგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ,"- განაცხადა პრემიერმა.
 
მისივე თქმით,  საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს არ უნდა დაკარგოს პოტენციალი, რომელიც შექმნა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
 
„თითოეულ ელჩს აქვს დავალება, ხვალიდან ყველას ხელთ ექნება ის ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას, იმისთვის, რომ ხვალიდან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს,"- აღნიშნა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას.  როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პირველი ქვეყანა იქნება ისრაელი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და საბერძნეთთან.

„გუშინ მე მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩთან სხვადასხვა ქვეყნებში, ყველას ვესაუბრებით, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. მაგალითად, როგორც ჩანს პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, კარგად მიდის მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რადგან საბერძნეთიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სასაზღვრო წერტილები, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ აღნიშნული პროტოკოლებით იხელმძღვანელონ.
 
„ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და აქ საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და სხვა პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა იმ ვადებში, რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად.
 
ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად და კიდევ ბევრი რამ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენც უკვე შეგეძლებათ, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის სააგენტოდან ეს პროტოკოლები წაიღოთ და ნელ-ნელა, ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ამ პროცესში ჩაერთოთ, იმისთვის, რომ მზადება დაიწყოთ, რადგან  უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ერთდროულად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მიიღებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, გაძლიერდეს.
 
„მესმის, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მთავარია, რომ იმ მიმზიდველობასთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე გააჩნდა იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ტურისტული ქვეყანა, უნდა დაემატოს კიდევ ერთი წარმატებული კომპონენტი - ვირუსის ეფექტური მართვა. ქვეყანა უნდა იყოს ადაპტირებული ამასთან, უნდა შეგვეძლოს, სწრაფად გამოვავლინოთ ეს ვირუსი, სწრაფად ვუმკურნალოთ, სწრაფად ვმართოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი ცხოვრება მოგვიწევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური