საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია - უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი

2020-05-21

ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.

„ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 23 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები. მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდ, ჩვენ, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის მეთაურის თქმით, მთავრობის მიზანია, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი.

„ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური