საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, 1-ლი ივნისიდან - ყველა სახის ღია მაღაზია, მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები, 8 ივნისიდან - ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, სასტუმროები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
2020-05-27 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის შესაბამისად, დღეს ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა გვაქვს 3 და სამივე არის საკარანტინო ზონებიდან. ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები, ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება; მეორე - ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ უკვე ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ჩნდება ახალი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. მოგეხსენებათ, ჩვენ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს, დღეს შეგვიძლია ვთქვათ როგორც ფაქტი, რომ ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯები მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიც გახლავთ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, მაგრამ აქ სრულად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის საერთო - მთავრობა, ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები და როგორც აქამდე, ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეობრივი შეგრძნების უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვირუსთან ორივე ფრონტზე - როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ეკონომიკური განვითარების,"- აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|