საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია - ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი, აქ გააზრებულია ყველაფერი და გათვლილია თითოეული რისკი

2020-06-09

  .

სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ საუბარი ციფრებზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს ეს ბევრი არ არის, მეტიც გვქონია, მაგრამ ამ 8 შემთხვევიდან სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია პირველწყარო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დაწყებისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხია საჭირო. 

„მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი გახლავთ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, დღეს ბიუჯეტი იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის და თქვენ დღეს აქ ხართ ყველანი იმისთვის, რომ სანამ ბიუჯეტი პარლამენტში წავა, წინასწარ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები," - მიმართა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევაა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამიტომ, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც   ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ეკონომიკის ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებზე.

„სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეხებოდა პირველ რიგში ტურისტულ სექტორს, შემდგომ სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ამას კავშირი არ აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენასთან, ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებთან, შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ლონდონში, ნიუ-იორკში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც მონაწილეობენ, კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისი. ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართული იქნება 2021-2023 წლების ეკონომიკურ აღდგენაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან და კრიზისში სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა შეათანხმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ  სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებიც.

„ამ პარამეტრებით, ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკური ზრდის  მინუს 4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში ჩვენ გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები, დაახლოებით, 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი, ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი. ეს არის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო ისაუბრებს და წარმოგვიდგენს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით, მთავრობა პროგნოზირებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ, სწრაფ აღდგენას.

„მომავალი წლის ეკონომიკური გეგმა, საპროგნოზო მაჩვენებლები არის მინუს 4 პროცენტი, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის, რომელიც არის შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გახლავთ დაახლოებით 6 პროცენტი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა, არაპროგნოზირებადობაა. ამიტომ, ჩვენ, ყველანი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევებისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს ჩვენ, რომ რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მწირი რესურსი, გამოყენებული იყოს ძალიან ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად. ეს არის ძირითადი პრინციპები. მაგალითად მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქალაქეებზე გავანაწილეთ 6 თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევრი მსგავსი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რომელიც განპირობებული იყო სწორედ ამ დიდი გამოწვევით", -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება და ბიუჯეტი ამაზეა აგებული.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის აღდგენის კუთხით გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და  საქართველო, როგორც პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად იქნა აღიარებული.

„ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა. მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. რამდენიმე ქვეყანაში, რომელთანაც მოლაპარაკება თითქმის დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ იქნებ ცოტა ხანს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ციფრები იქნება. ეს არის ტურბულენტობა, რომელიც დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული, ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, ჩვენი თითოეული  ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ოპონენტები  პოპულისტური ციფრებით გვსაყვედურობენ, უნდა გვესმოდეს, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და შემოსავალზე. ჩვენი მიზანი არის ძალიან მარტივი - უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდს ერთობლივი მუშაობისთვის, პირველ რიგში ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. პრემიერის შეფასებით, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან.

"ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო, რომ ჩვენ პირველებმა დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არც ერთი დღე არაფერი დამუქრებია - ეს არის ამ ხალხის დამსახურება. ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი, აქ გააზრებულია ყველაფერი, გათვლილია თითოეული რისკი, როგორც დროში, ისევე იმ რისკების და რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროგნოზირებადობის ხარისხი ძალიან დაბალია",  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ შეეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს. თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური