საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს
2020-09-08 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამოვლენის გამო, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ვირუსის გავრცელების ეფექტური პრევენციის ღონისძიებებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი იყოს მართვადი, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე - ქვეყნის ეკონომიკას. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1729 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1321 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|