საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება
2020-11-20 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება. საბჭომ განიხილა საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხი. აღინიშნა, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და წერტილოვან შეზღუდვებზე, ასევე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 96 860 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 77 932 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 894 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2226 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3411 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5879 პირი.
|