საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2020 წლის 9 იანვრის მთავრობის სხდომა

2020-01-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ, ფართოდ რეგიონისთვის, ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
 
„ბოლო დღეების განმავლობაში ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვართ უახლოეს კავშირზე და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავიანთ პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და საელჩოების საშუალებით, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
 
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ზამთრის კურორტებზე წლის დასაწყისში შექმნილი გარკვეული გართულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც წყალმომარაგების თვალსაზრისით იყო, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. გიორგი გახარიას თქმით, გამომწვევი მიზეზები უკვე ცნობილია. პრემიერმა  ხაზი გაუსვა, რომ საჭირო იყო უფრო მეტი პრევენციული მუშაობა.
 
„ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო, როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები. გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური. გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომლებიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევები აღარ გვქონდეს", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა 2020 წელს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე არსებობს.
 
გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი.
 
„განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და უკვე 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური