საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა

2021-02-23

.

„ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენს სამშობლოს", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მომავალ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარი. მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ". ირაკლი ღარიბაშვილის გაცილების ცერემონიალს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა: შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი 10-წლიანი გეგმა; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას; განვითარდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და მინისტრის ინიციატივით, მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ექნება; განვითარდა სამხედრო მრეწველობა; მოძველებული ტექნიკა უახლესი ბრენდების ტექნიკით ჩანაცვლდა; განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები - 60 ლოკაციაზე 250-მდე სამხედრო ობიექტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გარემონტდა; სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირება და თავდაცვის ძალები აღიჭურვა ნატოს სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ფორმებით და ფეხსაცმლით;  გაუმჯობესდა კვების რაციონი და ჯანმრთელობის დაცვის პირობები. 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური