საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი ცივილიზებული ევროპის და ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში

2021-03-15

მთელი ცივილიზებული ევროპის და, ამ შემთხვევაში, იგივე ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.

„დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული მედიაციის პროცესში. მისი წარმომადგენელი იმყოფება ამჟამად თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს როგორც ოპოზიციასთან, ისე ჩვენს პარტიასთან. პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალაც გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. მინდა, ერთი რამ კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადო - ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით იმის თაობაზე, თუ რა არის ჩვენი პოზიცია. მე ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი პარტიის, მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და მან, ბუნებრივია, ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანერით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს, არამედ პირიქით, გააღრმაოს უფსკრული. ამის არაერთი მცდელობა, არაერთი პროვოკაცია ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს. საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და, ამ შემთხვევაში, იგივე ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება მომდევნო დღეებში. თავს შევიკავებ ჩვენი კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან შეთანხმება და მოლაპარაკებები დასრულებული არ არის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური