საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციისა და ფინანსთა ახალი მინისტრები წარადგინა
2021-04-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციისა და ფინანსთა ახალი მინისტრები წარადგინა. იუსტიციის მინისტრის პოზიციას რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი, ლაშა ხუციშვილი დაიკავებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რატი ბრეგაძე არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. „ბატონი რატი ბრეგაძე დაინიშნა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსთა ახალი მინისტრი დიდი ხანია, რაც გუნდის წევრია და კარგად იცნობს სისტემას. პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა ყოფილ მინისტრს ივანე მაჭავარიანსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. „მოგეხსენებათ, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ასევე ბატონი ვანო მაჭავარიანი გადადგნენ თანამდებობებიდან. ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან თავად აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|